logo
ENG



"საინტერესო არჩევნები იქნება" - ალტ-ინფო მოძალადეების გასათავისუფლებლად ოცნებას აფრთხილებს

26 აგვ 202114:50
3 წუთის საკითხავი
 
"საინტერესო არჩევნები იქნება" - ალტ-ინფო მოძალადეების გასათავისუფლებლად ოცნებას აფრთხილებს

ძალადობრივი პლატფორმა ალტ-ინფოს ლიდერი, ზურა მახარაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი 5 ივლისის საქმეზე დაკავებული მოძალადეები არ გათავისუფლდებიან, "საინტერესო თვითმმართველობის არჩევნები გვექნება". სწორედ ალტ-ინფოს ლიდერები და წევრები იყვნენ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორები. ისინი პოლიციამ დაკითხა, თუმცა არცერთი მათგანი დაკავებული არაა. 

მუქარისშემცველ ვიდეომიმართვაში, ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, ზურა მახარაძე ამბობს, რომ დაკავებული მოძალადეები აშშ-ს მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის "პირადი პატიმრები არიან".

"თუ ეს ბიჭები დასაჭერები არიან, მაშინ დასაჭერები ვართ ათობით ათასი საერო და სასულიერო პირი, რომლებიც, ასევე იქ ვიყავით", - თქვა მან 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე, სადაც ათობით ჟურნალისტს სასტიკად სცემეს. 

"ჩვენ მათ ციხეში არ დავტოვებთ", - აგრძელებს მახარაძე და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს: "20 სექტემბრამდე თუკი არ გაათავისუფლებთ ქალბატონი კელი დეგნანის პირად სინდისის პატიმრებს, მაშინ ჩვენ ქუჩაში გამოვალთ. გინდათ ხელისუფლების და გინდათ ოპოზიციის წინასაარჩევნო ტილაობა უკან დაგრჩებათ ისეთი საინტერესო თვითმმართველობის არჩევნები გვექნება". 

5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 30-მდე პირია დაკავებული, თუმცა არცერთი ორგანიზატორი. 

ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.

5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

აქციაზე მყოფი პირები ქალაქში დარბოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და გამვლელებს, ვინც გარეგნულად არ მოეწონებოდათ. ისინი შეიჭრნენ შენობაში, სადაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისი მდებარეობს და დაარბიეს ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ოფისიც. 

სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგოროყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა. 

რაც შეეხებათ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ხალხსაც დარბევისკენ მოუწოდებდნენ. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ დამუქრებია ჟურნალისტებსაც. 


close დახურვა